ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას: პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2023
გამოწერა
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არ არის შეტანილი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 1 მაისი - Sputnik. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღემდე საჭიროდ არ მიიჩნევს იმაზე საუბარს, თუ რის საფუძველზე დაუწესეს სავიზო შეზღუდვები ქართველ მოსამართლეებს, რაც მიუღებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვლავ წამოაყენეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი, რასაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნული ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში" დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ადგილას ის დაინტერესდებოდა, რა მტკიცებულებები არსებობს და არ მოითხოვდა კომისიის ჩამოყალიბებას, რომელიც თავად შეუქმნიდა მტკიცებულებებს ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყარებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო.
„ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და, ზოგადად, პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ამასწინათ არ მისცა საშუალება ოპოზიციას, შეექმნა საპარლამენტო კომისია სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოსაძიებლად. პარტია პარლამენტის ბოიკოტირებასა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს. საპასუხოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია პრინციპულია და ამით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართველ მოსამართლეებს, ანუ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის აქტი.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
„პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვთ ჩაერიონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ოპოზიციას სასამართლოზე ზემოქმედება სურს - დეპუტატი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე >>
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0