ვატიკანი და საქართველო აძლიერებენ კავშირებს ქრისტიანული მემკვიდრეობის კვლევისთვის

© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ვატიკანის სამოციქულო დესპანს, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ვატიკანის სამოციქულო დესპანს, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2023
გამოწერა
გასულ კვირას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მკვლევართა ჯგუფი ვატიკანში გაემგზავრა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ვატიკანმა კარი გაუღო ქართველ მეცნიერებს, რომლებიც Propaganda Fide-ს შენობაში საქართველოსთან დაკავშირებულ აქამდე უცნობ წყაროებზე იმუშავებენ, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური.
Propaganda Fide-ს შენობა იყო პაპის საქალაქო კოლეჯის პირველი რეზიდენცია კათოლიკე მისიონერების განათლებისთვის, ხოლო მანამდე ის წარმოადგენდა რწმენის გავრცელების წმინდა კონგრეგაციის (Propaganda Fide) რეზიდენციას, რომელიც 1622 წელს დაარსდა. აქ ბევრი უნიკალური მასალა ინახება, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჟოზე აველინო ბეტანკურს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და განათლების სისტემაში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის.
ქართველი რესტავრატორები სტაჟირების გავლას ვატიკანის მუზეუმებში შეძლებენ >>
მინისტრმა სამოციქულო დესპანს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო. გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერის კუთხით ვატიკანთან არსებული თანამშრომლობა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მკვლევართა ჯგუფი ვატიკანში გაემგზავრა.
მეცნიერები Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცულ ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ შეუსწავლელ წყაროებზე იმუშავებენ. აღნიშნული საარქივო მასალა უცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი აღნუსხვა და სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნას, აღნიშნეს სამინისტროში.
საქართველომ და ვატიკანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი >>
თავის მხრივ, ჟოზე აველინო ბეტანკურმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ვატიკანის საელჩო ამ მიმართულებით სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.
სასახლეს აქვს მუზეუმი, სადაც გამოფენილია ძირითადად გამოუქვეყნებელი ნამუშევრები, მათ შორის სალვატორ როზას მსოფლიო წარღვნა, იან ფრანს ვან ბლუმენის ნამუშევრები, ბრწყინვალე ხარება, რომელსაც ფლამანდიელ დენის კალვერტს მიაწერენ, კორადო ჯაკინტოს შთამბეჭდავი სულთმოფენობა, ანტონ ფონ მარონის და ანტონიო კანოვას ხელმოწერილი და დათარიღებული პორტრეტები და მრავალი სხვა.
საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის მაისში დაამყარეს.
ყველა ახალი ამბავი
0