საქართველომ და ვატიკანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

© photo: President of Georgiaპრეზიდენტი ზურაბიშვილი ვატიკანში
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვატიკანში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
ვატიკანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი აუდიენციას გამართავს მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღემდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არც ერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა. დოკუმენტს ხელი ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ვატიკანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ესტუმრება

„ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო–ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ვატიკანში ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას – ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ ექვსთვიანი პრაქტიკა შვიდ სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.

თანამშრომლობის მეორე მიმართულება დაკავშირებულია გამოფენების გამართვასთან, მესამე კი ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას გულისხმობს საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში.

აღნიშნული საკითხები საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან ბარბარა იატასთან შეხვედრისას განიხილა, რის შემდეგაც მუზეუმის დირექტორმა პრეზიდენტს მუზეუმში რესტავრაციის კონკრეტული ნიმუშები აჩვენა.

სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული არქივის დირექტორთან, კარდინალ ლუის ანტონიო ტაგლესთან შეხვედრისას არქივის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის საინტერესოა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ არქივზე სამუშაოდ დაშვებული იყვნენ ქართველი სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროების კვლევას, სისტემატიზაციას და კატალოგიზაციას.

საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს რომის პაპის იოანე პავლე მეორის ვიზიტი. 2016 წელს კი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ასევე რომის პაპი ფრანცისკე.

რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
მსოფლიო წარღვნა: რის შესახებ აფრთხილებს კაცობრიობას რომის პაპი

ვატიკანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროებში. წმინდა საყდრის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების წყალობით ქართველ სტუდენტებს რომში თეოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ვატიკანი ასევე გამოყოფს სტიპენდიებს ქართველი მუსიკოსებისთვის, რათა მათ სწავლა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ.

2011 წელს ქართველ მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა ორი წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის „ფიდეს პროპაგანდის“ კონგრეგაციის დაცულ არქივებში, სადაც ინახება უძველესი ხელნაწერები საქართველოს შესახებ.

წმინდა საყდარი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კულტურის ძეგლების დაცვას და რესტავრაციას. წმინდა საყდრის ნუნციატურის დახმარებით საქართველოში შესაძლებელი გახდა სვანეთში არსებული უძველესი ქართული ხატების აღდგენა და ასევე დაარსდა სახელოსნო, სადაც მსურველები მინანქარზე მუშაობის ხელოვნებას ეუფლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0