ტაქსები ე.წ. ბასლაინზეც იმოძრავებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
გამოწერა
იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური სტიკერი იქნება დამაგრებული.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. A კატეგორიის ტაქსის მანქანები, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, 2023 წლის 1 ივნისიდან ავტობუსის ზოლზე გადაადგილებას შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებათ ავტობუსის ზოლში გადაადგილება.
„მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი სიახლე, რაზეც მუნიციპალიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს. სიახლე ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, 1 ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში და ჩვენ ამ უფლების რეალიზებას 1 ივნისიდან ვგეგმავთ“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით, აღნიშნა მერმა.
იმისათვის, რომ მგზავრებმა მარტივად ამოიცნონ ასეთი ტაქსები, საქარე მინის მარჯვენა კუთხეში სპეციალური ე.წ. სტიკერი იქნება დამაგრებული, რომელთა გაცემაც მუნიციპალურ სერვის-ცენტრებში მაისიდან დაიწყება.
თბილისში ტაქსის რეფორმის მორიგი ეტაპი ამოქმედდა: დეტალები>>>
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას მიიღებს. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0