დეპუტატი: დასავლეთის ზეწოლის გამო ქართული საზოგადოების მოთმინება ზღვარზეა

© photo: Sputnik / Stringer აქცია პარლამენტთან
 აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართული საზოგადოების მოთმინება პიკს აღწევს და რაც უფრო ძლიერდება გარე ძალებიდან ზეწოლა, ქართული საზოგადოება მით უფრო ძლიერდება ქვეყნის ინტერესების დასაცავად, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის ოთხმა დეპუტატმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. მანამდე მათ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და ამასთან პარტია, რომელსაც ბევრ რამეში მხარს უჭერენ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. ამავე დროს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.

„საქართველოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასე იყო: გარე ძალებიდან ქვეყანაზე ზეწოლას ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე... რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა უცხოეთიდან, ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად მით უფრო იკრებს ძალას", – დაწერა ხუნდაძემ სოციალურ ქსელში.

დეპუტატის თქმით, ქართულ სახელმწიფოზე გარე ძალების შეტევა საზოგადოების განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ვასალური პარტნიორობა დასავლეთთან და, კერძოდ, აშშ-თან მოსალოდნელი იყო წარსული რეალობიდან გამომდინარე. სააკაშვილის ხელისუფლების მონურმა დამოკიდებულებამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეარყია და ეროვნული ღირსება შეურაცხყო, დასძინა პოლიტიკოსმა.

„ქართული ოცნების“ პერიოდში ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტად ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავისახეთ და ამიტომ დაიწყო მასიური შეტევა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით – ჩვენზე, „ხალხის ძალაზე“. ჩვენმა მოძრაობამ შეძლო იმ გალავნის გარღვევა, რასაც უცხოეთის მიმართ შიში და დუმილი ერქვა", – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დამცირება პიკს აღწევს.
„პარალელურად პიკს აღწევს ქართული საზოგადოების მოთმინებაც, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა... ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო მათია და ამ საკუთრებას არავის დაუთმობენ. მათ იციან ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პარტნიორობა მეგობრობას უნდა ეფუძნებოდეს და არა დირექტივებს, რომლის უპირობო შესრულებასაც გთხოვენ", – დაწერა ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ხალხმა ისიც იცის, რომ სამშობლოს უცხო ქვეყანას არ მისცემენ სამართავად და თავად ჩადგებიან მის დასაცავად.
„დიახ, საქართველო ჩვენია და უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ თავად ვმართოთ საკუთარი ქვეყანა უცხოეთთან ორმხრივად ეროვნული ინტერესების დაცვით. ამას ვითხოვთ არა მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები, არამედ ამას ითხოვს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირის არასამართლიანმა გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ქართველი ხალხი ძალიან გააბრაზა.
ჯერ კიდევ დროა პროგრესისთვის - საქართველოში ევროკავშირის ელჩი სასამართლო რეფორმაზე>>>
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
თავის განცხადებაში ხუნდაძემ ასევე გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მისი თქმით, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია დიპლომატის ქმედებებმა, ტენდენციურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა, სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ღიად ჩარევამ და, ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეებზე დაწესებულმა სანქციებმა.
5 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა>>>
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა და მიიჩნევს, რომ მას არ აქვს უფლება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დახმარებით სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0