სპიკერი: ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს

© courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
საქართველო იმედს იტოვებს, რომ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი მხოლოდ გააძლიერებს არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს დაუცველს გახდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

„გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებული იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება და ის იმედს იტოვებს, რომ რეფორმების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ღირსეულ შეფასებას მიიღებს.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს >>
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი და მიაღწია უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.
ყველა ახალი ამბავი
0