საქართველოში პირველკლასელებისთვის წესები იცვლება: მინისტრის გადაწყვეტილება

© photo: Sputnikთბილისის პირველი გიმნაზია
თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
როგორც წესი, პირველკლასელები სკოლაში ექვსი წლის ასაკში შედიან. სასწავლო პროცესი ქვეყანაში 15 სექტემბერს იწყება.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 1 ნოემბრამდე უსრულდებათ და არა 1 ოქტომბრამდე, როგორც ეს აქამდე იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
2022 წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც პირველ კლასში შესვლა შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე შეუსრულდათ 6 წელი და არა 15 სექტემბრამდე, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
განათლების მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ოქტომბერში დაბადებული ბავშვების მშობლების არაერთგზის მიმართვის გამო მიიღო.
საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, ვინაიდან 2023-2024 სასწავლო წელს პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6-დან 20 მარტამდე უკვე ჩატარდა. რეგისტრაცია მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
ცვლილების შემდეგ ამ კატეგორიის ბავშვებისთვის დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდება. შესაბამისად, პირველ კლასში სწავლას ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც ექვსი წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმა უკვე ირიცხება იმ კონკრეტულ სკოლაში, ან ბავშვები, რომელთა მშობლები სკოლის თანამშრომლები არიან. მეორე ეტაპზე ასევე შეძლებს რეგისტრაციის გავლას ორი ან მეტი ბავშვი ერთი ოჯახიდან, რომლებიც ერთდროულად მიდიან პირველ კლასში.
მშობლებმა სკოლას უნდა მიაწოდონ საჭირო დოკუმენტები. რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.

მესამე ეტაპი

მესამე ეტაპი არის საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე. ის 17 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მშობლებს რეგისტრირებული ბავშვის დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. თუ დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი დადგენილ ვადაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მეოთხე ეტაპი

რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 28 ივნისს დაიწყება და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ეტაპი უშუალოდ იმ სკოლებს შეეხება, რომლებშიც თავისუფალი ადგილები აღმოჩნდება. ამ პერიოდში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებმაც ეს წინა ეტაპებზე ვერ მოახერხეს.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ მშობლებმა სკოლას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, მშობლის პირადობის მოწმობის ასლები და ბავშვის დაბადების მოწმობა.
სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის პროცესი არ შეფერხდეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში ყოველწლიურად 60 ათასამდე ვაკანტური ადგილია.
ყველა ახალი ამბავი
0