ქართველები სუდანში - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს

© AP Photo / Marwan Aliბრძოლები სუდანში
ბრძოლები სუდანში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
გამოწერა
სუდანში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ბრძოლები რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, მათ აწვდიან საკვებსა და სასმელ წყალს, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.
სუდანში მიმდინარეობს ბრძოლები რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის. შეტაკებები დაიწყო გასულ შაბათს, დილით, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსა, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანიდან ყველა ჩვენებურის გამოყვანას შევძლებთ: „ჯეო სქაი“ ფრენის ნებართვას ელოდება >>

„სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან; აგრეთვე მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სუდანში მყოფ მოქალაქეებს საკვებსა და სასმელ წყალს აწვდიან, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სუდანში საქართველოს 33 მოქალაქე რჩება, ისინი ავიაკომპანიების წარმომადგენლები არიან, იუწყება „რუსთავი 2“ ავიაკომპანიების - GEO SKY-ის და MyWay Airlines-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. სხვა ვერსიებით, სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე რჩება.

სუდანში კონფლიქტის მიზეზი

დღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა 2019 წელს ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა, ამ დრომდე ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.
სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა (რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს) და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში დგას მუჰამედ დაგლო.
უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხი აღმოჩნდა.
სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0