უცხო მიწაზე გახარებული ქართული ვაზი
14:56 18.04.2023 (განახლებულია: 20:05 18.04.2023)
© courtesy of Achiko Tkemaladzeილია კახოიძე

© courtesy of Achiko Tkemaladze
გამოწერა
დღეს გვინდა ისეთი ქართველი გაგაცნოთ, რომელიც საკუთარ ფესვებს უცხო ქვეყანაში მრავალი წლის ცხოვრების შემდეგაც კი არ მოწყდა.
ამ ადამიანის ცხოვრება საფრანგეთამდეც და საფრანგეთშიც რაგბთან იყო დაკავშირებული. მეღვინეობისადმი სიყვარული კი, ისევე, როგორც ყველა ქართველს, მასაც გენეტიკურად მოდგამს.
ჯერ კიდევ ბავშვობიდან ახსოვს, პაპას და მამას რთველში როგორ ეხმარებოდა. ამან შემდეგში მისი მომავალი პროფესია განსაზღვრა – აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა ილია კახოიძე მეღვინის პროფესიით სერიოზულად საფრანგეთში დაინტერესდა, თანაც იმდენად, რომ სურვილი გაუჩნდა ქართული ვაზი უცხო მიწაზე გაეხარებინა. მან ნახევარ ჰექტარ მიწაზე ქართული ჯიშის ვაზი მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.
© courtesy of Ilia Kakhoidzeილია კახოიძე

ილია კახოიძე
© courtesy of Ilia Kakhoidze
- ბატონო ილია, როგორ იხარა საფრანგეთის მიწაზე ქართული ჯიშის ვაზმა?
- გახარებით კარგად იხარა და ეს ამბავი, როგორც ქართველს, ძალიან მახარებს. აქვე იმასაც გეტყვით, ეს ისტორია როგორ დაიწყო. ეს იდეა ჩემი და ჩემი პარტნიორის, მეღვინისა და ბიზნესმენის, კორსიკელი მეგობრის ჟერარ ჟერმანის ურთიერთობების დაწყებისთანავე გაჩნდა. მის გარეშე ამ სურვილის საქმედ ქცევა შეუძლებელი იქნებოდა. ეს ბატონი 2014 წელს გავიცანი.
© courtesy of Ilia Kakhoidzeილია კახოიძე

ილია კახოიძე
© courtesy of Ilia Kakhoidze
- ვიცი, რომ ამ ადამიანს ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა...
- თამამად გეტყვით, რომ არ მეგულება უცხოელი, რომელიც ასე კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას და რომელსაც ასე უყვარდეს ის. ბატონი ჟერარი გვისურვებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, რათა მერე მათი სხვაგან ძებნა არ დაგვჭირდეს.
© courtesy of Ambassade de Géorgie en Franceილია კახოიძე

ილია კახოიძე
© courtesy of Ambassade de Géorgie en France
- რა რეაქცია აქვთ ქართულ მარანში შემოსულ ფრანგებს?
- ყველა აღფრთოვანებულია. როცა მარანში შემოდიან, რწმუნდებიან, რომ საქართველო მეღვინეობის აკვანია. ქართული ღვინოც პოპულარული ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. სამუშაო ძალიან ბევრია, ეს ერთ და ორ წელში არ იქნება, მაგრამ მჯერა, ქართული ღვინო მსოფლიო ღვინოების გვერდით სათანადო, საპატიო ადგილს დაიკავებს.
© Ministry of Agriculture of Georgiaრთველი საფრანგეთში

რთველი საფრანგეთში
© Ministry of Agriculture of Georgia
- აქცენტს ალბათ ქვევრის ღვინოზე აკეთებთ?
- დიახ, ასეა, ჩემი ღრმა რწმენით, ის ამას იმსახურებს. როცა ღვინოზეა საუბარია, ფრანგებს, პირველ რიგში, ქვევრში დაყენებული ღვინო მოსწონთ, რადგან ეს უშუალოდ ქართული მოვლენაა და ჩვენი უძველესი ტრადიცია. ყველა სტუმარს სიამაყით ვუყვებით ამ ტრადიციაზეც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაზეც.
ნინო მამულაშვილი