ეს იყო სახელმწიფოს ორგანიზებული ძარცვა - ბურჭულაძე კეზერაშვილის შესახებ

© Ministry of Defence of Georgia ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2023
გამოწერა
ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ევრო მოიპარა
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ორგანიზებულად ძარცვავდა სახელმწიფოს, შემდეგ კი მან მეგობარი ქვეყნების პენსიონერების ძარცვა გააგრძელა, განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ჯუანშერ ბურჭულაძემ როდესაც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე გააკეთა კომენტარი.
ВВС აცხადებს, რომ საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლის იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. საუბარია დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე. ВВС-ს ფილმში კეზერაშვილს „ქოლ-ცენტრების“ დამფუძნებლად მოიხსენიებენ და მას ახსენებენ, როგორც „მისტერ ოფშორს“.
„ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბურჭულაძემ.
ქართველმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
„ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ხუთი მილიონი ევრო არ არის ერთადერთი თანხა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მოპარა - საუბარია ას მილიონზე.
„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, - აღნიშნა მან.
ჯობს მალე გავიდეს ქართული პოლიტიკიდან - ოპოზიციონერი დეპუტატი კეზერაშვილზე >>
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
კეზერაშვილის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.

სკანდალური გამოძიება

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
„ქოლ–ცენტრების“ გახმაურებული საქმე – საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა>>
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
ოპოზიციონერი დეპუტატი - კეზერაშვილისგან დისტანცირებაა საჭირო>>
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
თავად კეზერაშვილმა უარყო კავშირი საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან, რომლის შესახებაც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.
ყველა ახალი ამბავი
0