ღარიბაშვილი: დედაენა ჩვენი იდენტობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია

© photo: Sputnik / Stringerდედაენის ძეგლი
დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება.
პრემიერის განცხადებით, 14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ.

„წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა, წერია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისთვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
„მსოფლიო ცივილიზაციის შედევრი" – Google ქართულ დამწერლობაზე საუბრობს>>
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0