საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტის ჩაშლაში მთავრობა დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის გაურკვეველი ვადით გადატანის შესახებ.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტის გადატანის მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან და აპრილის შუა რიცხვებში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მაგრამ 13 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია ვიზიტის გაურკვეველი ვადით გადატანის შესახებ. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ვიზიტი 18 აპრილს უნდა განხორციელებულიყო.
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა – პირიქით“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამასთან, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ევროპარლამენტის წინაშე წარდგება.
„ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად. ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს პროცესში და ხელი შეუწყოს ერთობლივ და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ერთობლივად იქნას მიღწეული ისეთი რეალური შედეგი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
საქართველოს პრეზიდენტი: ქვეყნის იმიჯია გამოსასწორებელი >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0