რიკოთის უღელტეხილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaავტობანის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
ავტობანის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობასაც არეგულირებენ.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე არიან მობილიზებული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ, 11 აპრილს აიკრძალა, მიზეზი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ მონაკვეთზე ქვათაცვენა გახდა.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის საპატრულო ეკიპაჟები ავტოტრანსპორტს საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით ატარებენ: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი – ზესტაფონი–ჭიათურა–საჩხერე–გომის მიმართულებით.

შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა 12 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, მსუბუქი ავტომობილების კი 13 აპრილიდან აღდგება.
მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს.
13 აპრილის 07:00 საათიდან კი რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:
07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად, ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.
რიკოთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ტრანსპორტის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზატკეცილზე გადაერთო. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა სპეციალური რეჟიმით 8 აპრილს აღდგა.
ამ დროისათვის სპეციალისტები რიკოთის უღელტეხილზე გრუნტისა და კლდოვანი მასის ჩამონგრევის მიზეზებზე დასკვნას ამზადებენ, ასევე მუშავდება ღონისძიებები მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0