საქართველოში ჯარში გაწვევიდან ფასიანი გადავადება გაუქმდება

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
კანონის მოქმედი ვერსიით, 18 თვით გადავადება საპატიო მიზეზის გარეშე 2 ათასი ლარი ღირს და მისი გამოყენება ორჯერ შეიძლება.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის" პროექტიდან მეორე მოსმენისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი ამოიღო, რომელიც 10 ათასი ლარი იყო.
პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვარიანტის თანახმად, წვევამდელი ასაკის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან 12 თვით გადავადების შეძენა შესაძლებელი იყო ერთხელ და ის 10 ათასი ლარი ღირდა.
კანონის მოქმედი ვერსიით, 18 თვით გადავადება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 2 ათასი ლარი ღირს და მისი გამოყენება ორჯერ შეიძლება. გაწვევის სხვა დეტალები უცვლელად დარჩა.
ცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება - 18-დან 27 წლამდე, მაგრამ შეიცვლება სამხედრო აღრიცხვის სისტემა.
თუ მოქმედი კანონმდებლობით წვევამდელებს სამხედრო აღრიცხვაზე არეგისტრირებენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ცვლილებების მიღების შემდეგ ამას უშუალოდ თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს და ახალგაზრდების გამოძახების შემდეგ მათი გამოცხადება სავალდებულო იქნება.
ახალგაზრდებს სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანენ 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში იმ წელს, როდესაც 17 წელი უნდა შეუსრულდეთ, და სწორედ აღრიცხვაზე დადგომის მომენტიდან ისინი წვევამდელებად ჩაითვლებიან.
გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური არ შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი;
პირი, რომელსაც გავლილი აქვთ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში;
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
პარლამენტის წევრები.
გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილია სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
ამასთან, პარლამენტის წევრებს, ოჯახში ერთადერთ ვაჟებსა და იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყანაში აქვს გავლილი, სურვილის შემთხვევაში სამხედრო სამსახურის გავლა საქართველოში შეუძლიათ.
ჯუანშერ ბურჭულაძე: სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევას ვემხრობით >>
ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის მიზეზების ჩამონათვალიდან ამოიღეს სასულიერო პირის სტატუსის ქონა და სასულიერო სასწავლებელში სწავლა, მაგრამ ჩამონათვალს დაემატა სხვა მიზეზები. ამასთან, ყველა სასულიერო პირი ალტერნატიულ სამსახურს გაივლის.
ახალი ვერსიით, გადავადების მიზეზი გახდება:
მარტოხელა მამის სტატუსი;
არჩევით სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წევრობა;
თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროების სისტემებში მუშაობა;
მუშაობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში;
მუშაობა უსაფრთხოების სამსახურში, დაზვერვაში ან დაცვის სპეციალურ სამსახურში;
ნასამართლეობა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის ვადის პერიოდში;
სარეზერვო სამსახურის პროგრამაში მონაწილეობა.
ვადიანი სამსახურის გასავლელად ან გამწვევ კომისიაში გამოცხადებისთვის შეტყობინების მიღების შემდეგ წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს იქ 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძებნაში გამოაცხადებენ და აღმოჩენის შემთხვევაში კომისიაში გადაიყვანენ.

როგორი იქნება სამხედრო სამსახური

წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში - ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში - რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის - 11 თვე.
სტუდენტებს, რომლებიც წვევამდელთა სიებში აღმოჩნდებიან, შეუძლიათ სპეცკურსის არჩევა, რაც სავალდებულო სამსახურის გავლაში ჩაეთვლებათ.
კურსი ითვალისწინებს სამხედრო წვრთნის გავლას ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
ან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
ახალი ნორმით, ექვსი და რვა თვის ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გაწვეულებს ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება - 10 კალენდარული დღე, ხოლო 11-თვანი სამსახურის შემთხვევაში - 15 კალენდარული დღე.
თითოეულ გაწვეულს ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო კიდევ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
ასევე, სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ყველა ახალი ამბავი
0