ჯუანშერ ბურჭულაძე: სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვევას ვემხრობით

© Parliament of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2023
გამოწერა
საქართველო თავდაცვის კოდექსი განახლდება
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ჩვენ შევიმუშავეთ გაწვევის ისეთი სისტემა, რომელიც სტუდენტებს მიიზიდავს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ახალი კოდექსით, სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს ნებაყოფლობით, არდადეგებისა და უქმეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ:
სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
„შევქმენით ისეთი პირობები, რომ, ვფიქრობთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან, ვიდრე ამას ყოველწლიურად მოვემსახურებით. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თბილისში კვლავ პროტესტია - ამჯერად ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ >>
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ განახლებულ ვერსიას კენჭს უყრის პირველი მოსმენით 20 მარტის შემდეგ. კოდექსში სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესები და ქართულ ჯართან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულაციები შეიცვლება.
განახლებული კოდექსის წინააღმდეგ გამოდის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრო - გირჩი“, რომელმაც ნებაყოფლობითი გაწვევის მოთხოვნით შაბათს აქცია გამართა.

გაწვევის სიახლეები

ცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება - 18-დან 27 წლამდე.
გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური არ შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი;
პირი, რომელსაც გავლილი აქვთ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში;
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
პარლამენტის წევრები.
გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილია სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
ამასთან, პარლამენტის წევრებს, ოჯახში ერთადერთ ვაჟებსა და იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყანაში აქვს გავლილი, სურვილის შემთხვევაში სამხედრო სამსახურის გავლა საქართველოში შეუძლიათ.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში - ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში - რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის - 11 თვე.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
ახალი ნორმით, ექვსი და რვა თვის ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გაწვეულებს ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება - 10 კალენდარული დღე, ხოლო 11-თვანი სამსახურის შემთხვევაში - 15 კალენდარული დღე.
თითოეულ გაწვეულს ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო კიდევ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
ასევე, სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ყველა ახალი ამბავი
0