თბილისში კვლავ პროტესტია - ამჯერად ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Stringer„გირჩის“ საპროტესტო აქცია. 11.03.2023
„გირჩის“ საპროტესტო აქცია. 11.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2023
გამოწერა
აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან ჯარში შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წინააღმდეგ აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს უკავიათ პლაკატები წარწერებით „არა მონობას“, „არა სავალდებულო გაწვევას“. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”, - განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახური შეეხება >>
პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ განახლებულ ვერსიას კენჭს უყრის პირველი მოსმენით 20 მარტის შემდეგ. კოდექსში სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესები და ქართულ ჯართან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულაციები შეიცვლება.

გაწვევის სიახლეები

ცვლილებების თანახმად, წვევამდელების ასაკი უცვლელი რჩება - 18-დან 27 წლამდე.
გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური არ შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი;
პირი, რომელსაც გავლილი აქვთ ალტერნატიული სამხედრო სამსახური სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში;
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
პარლამენტის წევრები.
გარდა ამისა, მთავრობა უფლებამოსილია სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
ამასთან, პარლამენტის წევრებს, ოჯახში ერთადერთ ვაჟებსა და იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყანაში აქვს გავლილი, სურვილის შემთხვევაში სამხედრო სამსახურის გავლა საქართველოში შეუძლიათ.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში - ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში - რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის - 11 თვე.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
ახალი ნორმით, ექვსი და რვა თვის ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში გაწვეულებს ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება - 10 კალენდარული დღე, ხოლო 11-თვანი სამსახურის შემთხვევაში - 15 კალენდარული დღე.
თითოეულ გაწვეულს ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო კიდევ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი.
ასევე, სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ყველა ახალი ამბავი
0