ოპოზიციონერი თუ თვითმარქვია - ხაბეიშვილის განცხადება ყურადღების ცენტრში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2023
გამოწერა
ქართველი ოპოზიციონერები ხაბეიშვილის განცხადებას „პოლიტიკურ შეცდომას“ უწოდებენ.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებამ აქციაზე პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საპროტესტო აქციაზე „ერთად ევროპისკენ“ „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვინ არის საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია და ვინ – თვითმარქვია. ხაბეიშვილის სიტყვებით, „ნამდვილი ოპოზიციონერები“ კვირას პარლამენტის შენობასთან აქციაზე მივიდნენ.
„ლევან ხაბეიშვილი ვერასდროს დამაბულინგებს და მის ნათქვამს ბულინგად ვერ აღვიქვამ, ეს არასწორი განცხადება და მისი მხრიდან პოლიტიკური შეცდომაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ იარლიყების მიკერება არასწორ ნაბიჯად შეაფასა.

„ლევან ხაბეიშვილს ვურჩევ, ოპოზიციის იდენტიფიცირების ნაცვლად, ვინ სად დგას, საკუთარ პარტიაზე და პარლამენტში მის ყველაზე დიდ ფრაქციაზე იზრუნოს, რომ თითოეული მათგანი სხდომათა დარბაზში იყოს მაშინ, როცა კენჭს ვუყრით დროებით საგამოძიებო კომისიას“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ კი დარწმუნებული არიან, რომ ხაბეიშვილის განცხადება მათ არ ეხებოდა.
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ეს ტერმინოლოგია პარტიაში თავიანთ თავზე არ მიუღიათ. გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ „ლელოს“ გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან აქციები ცალმხრივად არ უნდა დაიგეგმოს.
ხაბეიშვილის განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუწიათ მის თანაპარტიელებსაც, რომელთა განცხადებით, პარტიის ლიდერი გულისხმობდა მხოლოდ იმათ, ვინც აქციაზე არ მივიდა.

„არ იგულისხმებოდა ის ხალხი, ვინც უბრალოდ არ ესწრებოდა მიტინგს. ჩვენ ვსაუბრობთ იმათზე, ვინც არ შეუერთდა მოთხოვნებს. პარლამენტში ასეთია, მაგალითად, „ხალხის ძალა“, რომელიც თავიდან ბოლომდე არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი“, – განაცხადა პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

ორგანიზატორებმა აქცია დაამთხვიეს 9 აპრილს – ეროვნული მოძრაობის, სამოქალაქო თანხმობისა და 1989 წლის მიტინგის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეს.
აქციაზე გამოქვეყნებულ მოთხოვნებს შორის იყო ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება, რომელსაც მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად; იმ მოსამართლეთა გადადგომა, რომელთაც აშშ-ის სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ; ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ტელეარხ „მთავარის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატ მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ 9 აპრილს აქციის ჩატარება პოლიტიკური ამორალურობა იყო. როგორც მან აღნიშნა, აქციისადმი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან ნეგატიური იყო.

„არ მგონია, რელევანტური იყოს მათი მოთხოვნები, მათ შორის ლაზარეს გათავისუფლება. ოპოზიცია საკითხს აყენებს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის ადამიანები პასუხისგებაში არ მიეცნენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ „პირველ არხს“.

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გააწნა სილა რადიკალურ ოპოზიციას და უთხრა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ არის და არ იქნება ადგილი რადიკალიზმისთვის, თავის მხრივ, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„ვერასდროს გახდებით თქვენ ვერც გმირები, ვერც წინამძღოლები და ვერც „ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები... რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულია, ვინაიდან მათ ვერ გაიაზრეს, რომ რადიკალიზმს ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზარქუამ.
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას წინასწარმეტყველებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად კი ეს პარტია საქართველოში პოპულარობით მეორე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ყველა ახალი ამბავი
0