აშშ-ს ქართული სასამართლოს ხელში ჩაგდება სურს - მურუსიძე

© AP Photo / Luis M. Alvarezაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო წლების განმავლობაში ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოს სასამართლო სისტემაზე.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. აშშ-ის საელჩო ყოველთვის ცდილობდა ქართული სასამართლო სისტემის გაკონტროლებას, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.

„რეალურად ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლოში, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები თავს მოეხვია სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან გაჩენილიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“, – განაცხადა მურუსიძემ.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ მასთან წლების განმავლობაში მიდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ სურდათ ესა თუ ის მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ან რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
„მტკიცებულებები მაქვს“, – განაცხადა მურუსიძემ და აღნიშნა, რომ წარუდგენს ამ მტკიცებულებებს საზოგადოებას, როცა ამის დრო დადგება.
მურუსიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრების სურვილია.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – აღნიშნა მან.

რეალურად სანქციები – ეს არის გზავნილი საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, რომელიც, მურუსიძის თქმით, შემდეგში მდგომარეობს:
„თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ“, – განაცხადა მან.
„გაუგებარი და მიუღებელია“ – დარჩიაშვილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებზე >>
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო ასრულებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოში კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. მანამდე აშშ-ის საელჩომ უარი თქვა მტკიცებულებების წარდგენაზე და განაცხადა, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობისთვის, ხოლო ქვეყანაში მომხდარი დანაშაულები საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს.

სანქცირებული მოსამართლეები

ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა მოსამართლის კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ მას სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ხოლო ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ მუშაობა სასამართლო სისტემაში დაიწყეს. გარდა ამისა, მან ასევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
ყველა ახალი ამბავი
0