თბილისში სტრიტ-არტის კონკურსი ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerგრაფიტი და სტრიტ-არტი თბილისში
გრაფიტი და სტრიტ-არტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს აპრილის განმავლობაში შეუძლიათ წინადადებების შემოტანა, რომელთა მიხედვით პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია სტრიტ-არტის კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში სტრიტ-არტის წარმომადგენელი ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უკვე უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე და ა.შ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება.

„ამჯერად გვაქვს ახალი ინიციატივა – გვსურს გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტ-არტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება", – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სტრიტ-არტისტებს და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს ქალაქის გალამაზებას.
„ამ ახალგაზრდებს, ვინც სტრიტ-არტით არიან დაკავებული, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რათა ერთად გავალამაზოთ და გავაფერადოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები და სივრცეები. მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ველოდებით თქვენს წინადადებებს, ხოლო ჩვენ დაგიფინანსებთ კონკრეტულ პროექტებს", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„შემოქმედებითი თბილისი“ - მერიამ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება დაიწყო>>
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ პირებს აპრილის განმავლობაში შეუძლიათ წინადადებების შეტანა, რომელთა მიხედვით პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0