„საქართველოს ბანკზე" თავდასხმა: იარაღის ეპიზოდზე ესებუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. მას ბრალი ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმასა და რამდენიმე ათეული ადამიანის მძევლად აყვანაში. 9 თებერვალს პროკურატურამ მას კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარუდგინა.
სასამართლოს განაჩენში საუბარია სწორედ ამ ბრალდების ეპიზოდზე, რომელიც შეეხება ესებუას დაკავებისას აღმოჩენილ იარაღს.
ბადრი ესებუამ ბრალი ნაწილობრივ აღიარა>>>
წინა სასამართლო პროცესზე ესებუამ თავი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვაში სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ის დააკავეს. დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმალურ ვადას – 3 წლით პატიმრობას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
პროკურორ დიმიტრი ხვიტიას განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებულს დაკავებისას თან ჰქონდა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმის საქმეს, მისი განხილვა გრძელდება.
ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ ეპიზოდში ესებუა ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, მისი აზრით, გადამწყვეტი მტკიცებულება – ოდოროლოგიური ექსპერტიზის შედეგი, რომელიც აბათილებს ესებუას ადვოკატების განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულება, რომ „საქართველოს ბანკზე" ნიღბიანი თავდამსხმელი სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იყო.
ბადრი ესებუას საქმე: პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა>>>
ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ყველა ახალი ამბავი
0