ბადრი ესებუამ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

© courts of Georgiaზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2023
გამოწერა
ესებუამ სასამართლოს სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვაში სოფელ ჯიხაშკარში
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. „საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. ნიღბიანი და შეიარაღებული მძარცველი ბანკში შევიდა და მძევლები აიყვანა. გამოძიების მონაცემებით, ბოროტმოქმედმა მოთხოვნილი 500 ათასი დოლარი მიიღო და მიიმალა.
ესებუამ სასამართლოს სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვაში სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ის დააკავეს. ამასთან ის უარყოფს მთავარ ბრალდებას - ბანკის ძარცვას.
„დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი", - განაცხადა ესებუამ 30 მარტს გამართულ სხდომაზე.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები დასაშვებად ცნო, რითაც დასრულდა საქმეზე წინასწარი მოსმენა.
პირველი სხდომა, სადაც ესებუას საქმე არსებითად განიხილება, 6 აპრილს არის ჩანიშნული.
ბოლო შეხვედრაზე პროკურატურამ წარმოადგინა გადამწყვეტი მტკიცებულება - ოდოროლოგიური ექსპერტიზის შედეგი, რომელიც აბათილებს ესებუას ადვოკატების განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულებები იმისა, რომ ბანკში შეჭრილი პირი სწორედ ესებუა იყო.
ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამასთან იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილში საუბარია ორ ეპიზოდზე, ერთი ეხება მძევლების აყვანის დროს, ხოლო მეორე – დაკავების მომენტს.
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0