თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას აღდგომის მერე გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
რეაბილიტაციის პროცესი წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა შეუძლებელია ამ მასშტაბის რეაბილიტაციის ჩატარება ისე, რომ გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდეს.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის რეაბილიტაციის ჩატარება ისე, რომ გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდეს. მოსალოდნელი დისკომფორტის გამო ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს წყალში გადაყრილი თანხები იქნებოდა", – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.
მისი თქმით, ეს ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.
როდის დასრულდება გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა>>
პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, გარემონდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარე განათების სისტემა.
„ყველა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების პროცესი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ ამასთანავე ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისის ქუჩები და გამზირები იყოს თანამედროვე, ევროპული და განახლებული", -- განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება თანადგომა, მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0