„არ გადავდგები" - ვასილ მაღლაფერიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მკვეთრი პასუხი გასცა

© First Channel / Georgian Broadcasterვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება არასამთავრობო ორგანიზაციების არაობიექტურ მონაცემებს ეფუძნება, მიიჩნევს ვასილ მაღლაფერიძე.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებისა, გადადგომას არ აპირებს.
უფრო ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მასმედია აქტიური იყო და მოსაზრებების ფართო სპექტრს გამოხატავდა, თუმცა იყო ჩავარდნებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მედიაადვოკატირების კოალიციამ" შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მაღლაფერიძე, როგორც საბჭოს ხელმძღვანელი, აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებელ მისიას.
მაღლაფერიძე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი.

„ზოგი მკრეხელობად ჩამითვლის, თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩემთან დაკავშირებით გამოთქმულ „შეშფოთებას" არ დავეთანხმები, მაგრამ ბევრი არგუმენტი მაქვს საიმისოდ, რათა დარწმუნებით ვთქვა, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეტანა კარგად გადამოწმების და შესწავლის გარეშე დიდი შეცდომაა", – დაწერა მაღლაფერიძემ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მსგავსი, ერთი შეხედვით უწყინარი „შეშფოთების" გამო კონსტიტუცია და კანონი აზრს კარგავს, ასევე იცვლება ადამიანების ბედი.
„რაც შეეხება შეშფოთებას! მეც უაღრესად შეშფოთებული ვარ და ამის საფუძველიც მაქვს – სრულიად აშკარად ვხედავ, რომ თანამოაზრეთა ერთი ჯგუფი დაჟინებით ცდილობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას", – დაწერა მაღლაფერიძემ.
მან განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ ის ზიანს აყენებს ტელევიზიის მისიას.
„სწორედ იმიტომაც გაკეთდა ყოველგვარ დასაბუთებას და არგუმენტებს მოკლებული ეს შეფასება, რომ ახლა თავად ეს ჩანაწერი იქნება გამოყენებული ზეწოლის და ზემოქმედების მექანიზმად", – დაწერა მაღლაფერიძემ.
ამავე დროს ეს გაფრთხილებაცაა სხვებისთვის: ვინც არ დაემორჩილება „მედიაადვოკატირების კოალიციას", ასევე მოხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, აღნიშნა მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს>>
„გასაგებად მიმანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან ჩემი ნებით უნდა გადავდგე და ეს ადგილი გავუთავისუფლო „მედიაადვოკატირების კოალიციისთვის" მისაღებ კანდიდატს", – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
ტელევიზიაში უნდა იმუშაონ სამეურვეო საბჭოს მხოლოდ იმ წევრებმა, პროდიუსერებმა, რეჟისორებმა, წამყვანებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც „მედია ადვოკატირების კოალიციას" უსმენენ, ირონიულად შენიშნავს ის.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხვდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არც იმის გადამოწმება ხდება, რამდენად იმსახურებს ნდობას თავად ინფორმაციის წყარო.
„ანგარიშის შედგენისას რომ გადაემოწმებინათ, ადვილად ნახავდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი „დასმენა-დანოსის" ავტორებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების წინ ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და რომლებმაც არა მხოლოდ დააზარალეს, არამედ მთლიანად გააცამტვერეს ტელევიზიის მისია", – დაწერა მაღლაფერიძემ.
„მედიაადვოკატირების კოალიციის" წევრთა ნაწილი ძალიან აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ეფექტიანად მოქმედებს, ვიდრე ბევრი პოლიტიკური პარტია, განაცხადა მან.
ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს>>
„ეს მათი უფლებაა, მით უმეტეს, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორი ტრადიციულად მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან", – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მან ასევე მიუთითა, რომ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ სახელმწიფო სექტორი ძირითადად დაიკავეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ხოლო 2012 წელს მარცხის შემდეგ მათი დიდი ნაწილი კვლავ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდა.
მაღლაფერიძის თქმით, მათ აქვთ მკაფიო პოლიტიკური მიზნები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის განსაზღვრისას ისინი მიუკერძოებლები ნამდვილად ვერ იქნებიან. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი ტელევიზიაში საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იღვწიან, აღნიშნა მან.

„მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი დიდი პატივისცემისა, არ გადავდგები!" – დაწერა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 2022 წლის აპრილში აირჩიეს. მანამდე, 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. ის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა და ეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.
სამეურვეო საბჭო შედგება ცხრა წევრისგან. აქედან სამს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს – ოპოზიცია, ორს – სახალხო დამცველი და ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
„მედიაადვოკატირების კოალიცია" 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ყველა ახალი ამბავი
0