დეპუტატები პატიმრების მონახულების უფლებას ზედმეტად იყენებენ - პაპუაშვილი

© photo: Sputnik / Stringerგლდანის ციხე
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
ოპოზიციის ორ დეპუტატს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და საპატრულო მანქანის ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებულთან შეხვედრის უფლება არ მიეცა.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ზედმეტად იყენებენ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრების მონახულების უფლებას, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილებას, რომელიც მათ გამოთქვეს მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს ციხეში პატიმრის მონახულებაზე. საუბარია ადრე ნასამართლევ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვა თბილისში 7-9 მარტის აქციებზე.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ და ოპოზიციური პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სპიკერისგან უარი მიიღეს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება სცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ სპიკერმა აღნიშნა, ბრალდებული უკვე მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. გარდა ამისა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის შეუფერხებელი მონახულების უფლება აქვს ადვოკატს.
ოპოზიცია მხარს უჭერს პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულს - მდინარაძე >>
„ყველაფერი საჯაროა და არ მგონია, არსებობდეს დამატებითი უფლებრივი კუთხით ჩარევის და მონახულების საჭიროება. მეორე მხრივ კი, ვხედავ საფრთხეს, მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება და თქვენ გამოსვლას სწორედ ეს შინაარსი აქვს. გინდათ აქ პოლიტიკური ასპექტი ჩადოთ“, – მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ამაშია საფრთხე, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის.
„რაც შეეხება თავად საკითხს, ბრალდება წარდგენილია და ამის მიხედვით იმსჯელებს სასამართლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დაკავების შემდეგ გრიგორიადისს რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება სამაგალითოდ სჯის გრიგორიადისს, რომელიც ადრე მამის მიმართ ძალადობისთვის გაასამართლეს.
„ეს მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატზე, რომელიც თბილისში აქციაში მონაწილეობდა >>
როგორც წითლიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გრიგორიადისის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციონერის თქმით, თავიანთი განცხადებებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მას მართლმსაჯულების უფლება წაართვეს.
„ლაზარეს თქვენ წაართვით სასამართლოს უფლება, როდესაც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები და ლაზარეს დემონიზებას შეეცადნენ“, – განაცხადა წითლიძემ.
ანა ნაცვლიშვილმა კი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სპიკერმა პატიმრის მონახულებაზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთხრა, რაც მასში ეჭვებს აღძრავს.

„როცა პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების და მიზეზის ახსნის გარეშე უარს ეუბნება პარლამენტის წევრს, ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, მიღრმავდება ეჭვები, რომ მისი უფლებები ციხეში არის სერიოზული რისკის ქვეშ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გრიგორიადისის დაკავება

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 21 წლის გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო ორმა პოლიციელმა. მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრემიერი: კანონი ყველასთვის აღსრულდება >>
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმას კატეგორიულად მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
ყველა ახალი ამბავი
0