„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“: მიმდინარეობს ათას მოსახლეზე ახალი სახლების მშენებლობა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული კორპუსი ბათუმში
ავარიული კორპუსი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2023
გამოწერა
ბათუმში ავარიულ სახლებს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩაანაცვლებენ
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. დაახლოებით ათასი ოჯახი მიიღებს ახალ ბინას პროგრამის „ბათუმი ავარიული კორპუსების გარეშე“ ფარგლებში, ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ ერთი წლის წინ დაამტკიცა პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”, რომელიც არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად ავარიულების ნაცვლად ახალი სახლები 10 მისამართზე შენდება, ნაწილი დასასრულს უახლოვდება, ნაწილის მშენებლობა ახლა იწყება.
პროგრამის ამ ეტაპის დასრულების შედეგად ბინას 1000 ოჯახი მიიღებს. პროგრამის ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
ამ დროისთვის ბათუმში 140-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს აქვს ავარიულის სტატუსი.
ავარიული სახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ბათუმში, 2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ყველა ახალი ამბავი
0