13 წლის მანძილზე პირველად საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მან მიწვევა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა (იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო).

„18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას და ლოგიკურია, რომ იმ დროს, როცა ხალხსა და ხელისუფლებას უჭირთ ერთმანეთთან საუბარი, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი.
„ამდენად, ასეთ ვითარებაში სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვა ქვეყნის ინტერესები და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას", – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს - PACE-ს დელეგაციის ვიზიტის შედეგები>>>
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ერთი მხრივ, ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციების ფორმალური განხორციელებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევს, მეორე მხრივ კი სამოქალაქო სექტორი ან პოლიტიკური პარტიები მხოლოდ აქციებით ვერ მიაღწევენ შედეგს.
რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგენის და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მე გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას, რათა ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება შეიძლება 2023 წელს მიიღონ>>>
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, „იმიტომ რომ არის ყველას პრეზიდენტი“ და არ წარმოადგენს არც ერთ და არც მეორე მხარეს, გარდა ქართველი ხალხისა.
„ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შეძლებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ყველა ახალი ამბავი
0