„ვივამედის“ დირექტორი: სააკაშვილმა წონაში მოიმატა

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2023
გამოწერა
კლინიკის დირექტორის თქმით, თუ გარე ფაქტორებმა ხელი არ შეუშალა, სააკაშვილი წონაში მატებას გააგრძელებს.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ წონაში მოიმატა, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
თუმცა, სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის და მას ნორმალურად ჭამა არ შეუძლია.

„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია დავასახელო ეს რიცხვი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით მომატებულია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კლინიკის დირექტორის თქმით, თუ გარე ფაქტორებმა ხელი არ შეუშალა, სააკაშვილი წონაში მატებას გააგრძელებს.
კლინიკა „ვივამედმა“, რომელშიც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება, მიმართა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მისი მხრიდან მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ საკითხს ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეისწავლის.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილს ერთი ხელის მოსმით ციხეში ვერ დავაბრუნებთ >>
ამასთან, მინისტრმა სააკაშვილის მიერ მკურნალობაზე უარის თქმას უწოდა „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, იძულებითი მკურნალობის საშუალებას კი კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ აძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უკვე თავად კლინიკას აყენებს.
კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი>>
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0