საფასო სკანდალი: ჯანდაცვის სამინისტრო და ფარმაცევტული კომპანიები ბრალს ერთმანეთს სდებენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთსა და იმავე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
უწყების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არის ცხადი დასტური იმისა, რომ ბაზრის მოთამაშეები ონკოლოგიური პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.

„წინასწარი შეფასებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და მას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
ამასთან აღინიშნება, რომ ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.
სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენას მთავრობისა და პარლამენტისთვის უახლოეს დღეებში გეგმავს.
ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაცია უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას. როგორც ასოციაციაში განაცხადეს, მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ბადებს ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა.
ამასთან ასოციაციამ განმარტა ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების მატების საკითხიც. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის სექტემბრიდან პრეპარატებზე ფასებმა კლება დაიწყო და თებერვლის ჩათვლით ისინი „არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში“ იყიდებოდა, რათა მარაგებში არსებულ პრეპარატებზე ვარგისიანობის ვადის გასვლა თავიდან აერიდებინათ.
ამის პარალელურად 2022 წლის დეკემბერში თურქეთში, საიდანაც შემოდის მედიკამენტები, ფასები 36,77%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მარაგების ამოწურვის შემდეგ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას პრეპარატების გაზრდილ ფასად შეძენა მოუხდა. გამომდინარე აქედან, მანამდე არსებული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
ამასთან ასოციაციაში ხაზს უსვამენ, რომ ფასები თავდაპირველ ნიშნულამდეც კი არ გაზრდილა და ისინი პირვანდელ დიაპაზონში დარჩა.
სახელმწიფომ 2023 წლიდან დაიწყო ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ მაქსიმალური ლიმიტისა, რომლის ზემოთაც საქართველოში ამ მედიკამენტების გაყიდვა არ შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0