„მეხუთე კოლონის“ გეგმები, ანუ საქართველოს ომში ჩაბმის ოთხი მცდელობა - პრემიერის ხედვა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის ომის დაწყება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასია.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „შიდა და გარე მტრების“ მიერ ქვეყნის ომში ჩათრევის ოთხი წარუმატებელი მცდელობა დაასახელა.
პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თხოვნის გათვალისწინებას – არ ისაუბროს ქვეყნის შიგნით არსებულ „მტრულ ძალებზე“. მისი თქმით, გულუბრყვილობაა საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე თვალის დახუჭვა.

„რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა და ე.წ. მეორე პოლიგონის... ომის დაწყების დღიდან და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეული ღარიბაშვილი სიტყვით გამოდის დეპუტატების წინაშე. ის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციონერის ინიციატივით მივიდა, რომლებიც დაინტერესდნენ, რას აკეთებს ხელისუფლება საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, რადგან ომი ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი არ არის, არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი დეტალურად ესაუბრა დეპუტატებს საქართველოს ომში ჩართვის ყველა მცდელობის შესახებ.

მცდელობა №1 – „სააკაშვილის ფარული დაბრუნება“

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ერთადერთი მიზანი იყო ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა.

„მისი (სააკაშვილის) მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების (ადგილობრივი არჩევნების - 2021 წლის 2 ოქტომბერს) ჩაშლა“, – განაცხადა პრემიერმა.

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში იმ დროს, როცა უკვე დაწყებული იყო საუბრები უკრაინაში 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პარტნიორებიც ლაპარაკობდნენ.
„ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ, დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მცდელობა №2 – „მოხალისეები და განცხადებები უკრაინიდან“

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა, რადგან მან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარი თქვა.

„მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ოფიციალური ნებართვა, მიეღო ჩარტერული თვითმფრინავები უკრაინიდან, რომლებიც წაიყვანდნენ მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნების ლიდერები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, არ ჩართულიყვნენ ომში და სოლიდარობა გამოეხატათ სხვა მეთოდებით, მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენით.
„ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება. ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ ის უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომსა და კონფლიქტში, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე შედეგებით დასრულდებოდა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ეს „მეხუთე კოლონის“ გეგმა იყო.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირველად მეორე ფრონტზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ალაპარაკდა.

„ბატონი დანილოვი გამოვიდა და განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი და ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყანაზე. აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგი უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მაშინდელი სიტყვები, რომ საქართველოს, ისევე, როგორც მოლდოვას ხელმძღვანელობაში არ ჰყავს „ომის ადამიანები“ და ამიტომაც ისინი არ ხსნიან მეორე ფრონტს. არესტოვიჩის თქმით, სააკაშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში, ამას შეძლებდა.
„მათი სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აქვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან უკრაინულ ტელევიზიას 2023 წლის მარტში მისცა. ღარიბაშვილმა მერაბიშვილს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი უწოდა.
„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში მოდის მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან და გეგმებთან... მან (მერაბიშვილმა) განაცხადა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მცდელობა №3 – „შინ ევროპისკენ“

შემდეგ დაიწყო აქციები ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“. ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადადო (2022 წლის 23 ივნისს), მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
სტატუსი მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი 12 რეკომენდაციის შესრულება მოსთხოვეს.

„ე.წ. მეხუთე კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება, დემონსტრაციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით... რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში?!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიზანი იყო არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა, არამედ, საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევა. ორგანიზატორებს შორის იყვნენ პროდასავლური საზოგადოებრივი მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამავე დროს ღარიბაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარს „უსამართლო გადაწყვეტილება" უწოდა, რადგან თუ ევროკავშირის მიდგომა არის გადაწყვეტილებების მიღება დამსახურების საფუძველზე, მაშინ საქართველოს ეს სტატუსი პირველ რიგში ერგებოდა.
„ინფორმაცია საჯაროა და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ბევრად, 2-3-ჯერ უსწრებს წინ უკრაინასაც და მოლდოვასაც ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ.“ – განაცხადა პრემიერმა.

მცდელობა №4 – „მოლოტოვის კოქტეილები“

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების დამხობის ბოლო მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ომში ჩართვას, 2023 წლის 7-8 მარტს მოხდა.
იმ დღეებში მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.

„7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, ე.წ. ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მომიტინგეების ქმედებები იყო წახალისებული ზოგიერთი ევროდეპუტატის მხრიდან.
„მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ, ჩვენ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის ამ რეჟიმის დამხობის დრო და ა.შ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრობლემას გონიერი მოქმედებების შედეგად გაუმკლავდა.
„ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.
უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.
ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.

საფრთხე რჩება

პრემიერის თქმით, საქართველოს შიდა მტრებისა და მათი მოკავშირეების, რომლებიც გარე ძალებს წარმოადგენენ, ყველა ზემოჩამოთვლილი გეგმა ჩავარდა, მაგრამ საფრთხე კვლავ რჩება.

„ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს... დღეს, მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ, საფრთხე... არსად არ წასულა. ეს საფრთხე რჩება საფრთხედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება სტაბილურობის შენარჩუნება როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყანაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დგას >>
„დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს ერთგვარი კომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევების მომზადება. ასეთ გამოწვევად, ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის ომის დაწყება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ტოლფასია. ქვეყანა, მისი თქმით, ახალ ომს ვერ გაუძლებს. ამიტომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლა.
ყველა ახალი ამბავი
0