ჩუტყვავილის აფეთქება საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროში სიტუაცია შეაფასეს

CC BY-SA 2.0 / Petras Gagilas / chickenpoxდაავადებული ბავშვი
დაავადებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
ბავშვებში ჩუტყვავილა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩუტყვავილის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების უჩვეულო მატება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ბავშვებში ინფექციური დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. საყურადღებოა ის პაციენტები, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებათ.

„ზოგადად, ჩუტყვავილას გარკვეული წლიური ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, მომდევნო წელი კი შეიძლება ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყოს. ქვეყანაში გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება. უჩვეულო მატება იყო, იმაზე მეტი იყო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. ახლა ვითარება დასტაბილურდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

„ბატონების“ რიტუალს და მცხეთის ღვეზელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა >>
სპეციალისტები ელოდებიან, რომ შემთხვევები დაიკლებს. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„თუ ჩუტყვავილა განვითარდა, ექიმის ჩარევა აუცილებელია, შეიძლება პირს ანტივირუსული მკურნალობაც დასჭირდეს. ამასთან, თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, არ უნდა იყოს სხვა ბავშვებთან კონტაქტში. საშიში აქ არაფერია, მთავარია, ბავშვი მშვიდად იყოს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჩუტყვავილა არის მწვავე და უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადება. ჩუტყვავილა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და, იმუნიზაციის პროგრამის არარსებობის შემთხვევაში, შუა ასაკამდე პრაქტიკულად ყველა ადამიანს ემართება.
ჩუტყვავილა გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან ინფიცირებული პირის დამახასიათებელ დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით. კლინიკური ჩუტყვავილის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება 10-21 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ და მოიცავს ცხელებას, სისუსტეს და გამონაყარს და დამახასიათებელ ქავილს.
ბუშტუკები თანდათან ქერქით იფარება, რომელიც ქრება 7-დან 10 დღემდე ვადაში. ადამიანები გადამდები რჩებიან მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება.
ყველა ახალი ამბავი
0