საერთო მიზნები და გეგმები: სერბეთის პარლამენტის სპიკერმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა

© Government of Georgiaსერბეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სპიკერი ვლადიმირ ორლიჩი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
სერბეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სპიკერი ვლადიმირ ორლიჩი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
სერბეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა, ასევე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის საერთო მისწრაფება განიხილეს შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სპიკერმა ვლადიმირ ორლიჩმა.
სერბეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე დადებითად შეფასდა ვაჭრობის მოცულობის ზრდა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო სერბეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს >>
ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სერბეთის ასამბლეის სპიკერმა ასევე განიხილა თავის ქართველ კოლეგა შალვა პაპუაშვილთან.

„აღინიშნა, რომ სერბეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დაიწყო ორმხრივი დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე და ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„სერბეთი უკვე ათწლეულია გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულად ღირებულია ამ გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე გამოვხატეთ საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის მხარდაჭერის მზადყოფნა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ვლადიმირ ორლიჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურებაა. მისივე თქმით, სერბეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს.
არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი - მდინარაძე >>

„დარწმუნებული ვარ, რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ვლადიმირ ორლიჩმა.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
ყველა ახალი ამბავი
0