პრემიერი: დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. გიორგი ამილახვარი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ გამოწვევებს და მჯერა, ის იქნება წარმატებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალი მინისტრის წარდგენისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. ამილახვარმა ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა, რომელიც განათლების უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
პრემიერმა მინისტრის წარდგენისას გიორგი ამილახვრის განათლებაზე და კარიერულ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე ამილახვარი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს და მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

„ის ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა და კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, და ვფიქრობ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა გიორგი ამილახვარს წარმატება უსურვა.
გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ის დეპუტატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით გახდა. მანამდე, 2018-2019 წლებში მას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
2010-2020 წლებში ამილახვარი იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასევე სამართლის ასოცირებული პროფესორი.
ის 2008-2010 წლებში ლიეტუვის საინვესტიციო კომპანია Severus-ის ქართული ფილიალის მთავარი იურისტი იყო, მანამდე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში – მთავარი სპეციალისტი.
გიორგი ამილახვარმა 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის სამართლის დოქტორი.
ყველა ახალი ამბავი
0