გაგრძელდება თუ არა ბენზინის გაიაფება საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2023
გამოწერა
მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში ფასების კლებას უნდა ველოდოთ, განაცხადა ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში ავტომობილის საწვავის ღირებულების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები 2022 წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია. დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნის 92 ოქტანობის ბენზინი საშუალოდ 2 ლარი ღირს.

„გაიაფების პროცესი გრძელდება და მარტშიც, აპრილშიც ჩვენი მოლოდინია, რომ ფასები კიდევ უფრო უნდა დაკორექტირდეს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ერთი მხრივ ის, რომ კურსი გამყარებულია და ვხედავთ, რომ 2,6-ს ქვემოთაა", – განაცხადა ლექვინაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, გაიაფებას შემდგომ პერიოდშიც უნდა ველოდოთ.
„ალბათ საორიენტაციო ფასი 2-ლარიან არეალში იქნება „რეგულარის“ საწვავზე და მნიშვნელოვანია რომ ბენზინთან ერთად გაიაფების ტრენდი განვითარდეს დიზელის საწვავის მიმართულებითაც", – განაცხადა ლექვინაძემ.
ლექვინაძემ განსაკუთრებით გამოყო თებერვალი, როდესაც საწვავის ყველა სახეობაზე ფასის დაახლოებით 30-40 თეთრით შემცირება დაფიქსირდა. არის მცირე ქსელები, სადაც ყველაზე მოთხოვნად „რეგულარზე“ ფასი 2 ლარის ქვემოთაა.
სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბრენდულ და ქსელურ ავტოგასამართ სადგურებზე ფასები საკმაოდ მრავალფეროვანია – 2,10-დან 2,50 ლარამდე ფარგლებში, თუმცა, თუ ამას დაემატება მარკეტინგული აქტივობები, რომლითაც ძალიან ბევრი თანამოქალაქე სარგებლობს, ტაბლოზე არსებული ფასებიდან ისინი კიდევ დაახლოებით 5-15 თეთრის ფარგლებში იღებენ ფასდაკლებას.
ბაზრის მონიტორინგი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში საწვავის მაღალი ფასების მიზეზებით 2022 წლის მაისში დაინტერესდა. საკითხში გარკვევა მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს დაევალა, ბაზრის მიმოხილვა კი კონკურენციის სააგენტოს დაეკისრა, რომელიც საქართველოში საწვავის ბაზრის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშს წარადგენს.
საქართველოში ბენზინი გაიაფდება - პრემიერი იმპორტიორებს შეხვდა>>
კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორის საქმიანობის შესწავლა ბაზრის 2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. მისი შედეგების მიხედვით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ღირებულება მაღალი რჩებოდა.
ამის შემდეგ სააგენტო მონიტორინგის პროცესიდან გადავიდა მოკვლევის პროცესზე, რომლის მიზანია გარკვევა, რამდენად კეთილსინდისიერი იყო 2022 წლის 7 თვეში საწვავის რეალიზატორი კომპანიების მოქმედება და ხომ არ უკავშირდებოდა ის რაიმე არასაბაზრო ძალების შედეგად ფორმირებულ ფასს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მუშაობენ მაღალი მოგებით, სხვაობა ავტომობილის საწვავის თვითღირებულებასა და მის ფასს შორის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრზე 0,80-1 ლარს შეადგენს, რაც მიუღებელია და შესწავლას საჭიროებს.
„ეს მიუღებელია“: რა დაავალა ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავზე ფასების შესამცირებლად>>
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,35-2,24 ლარი, პრემიუმი – 2,69-2,14 ლარი, სუპერი – 3,56-3,39 ლარი, ევრო დიზელი – 3,55-2,99 ლარი, დიზელი – 45-2,69 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0