საქართველოში ბენზინი გაიაფდება - პრემიერი იმპორტიორებს შეხვდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა იმპორტიორები საწვავის ფასის შემცირებაზე უარის თქმის შედეგებზე გააფრთხილა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში საწვავზე ფასის შემცირება უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობა ისეთივე ზომებს მიიღებს, როგორიც ევროპაში მიიღეს, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ორი კვირის წინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მუშაობენ მაღალი მოგებით, სხვაობა ავტომობილის საწვავის თვითღირებულებასა და ბენზინგასამართ სადგურებზე მის ფასს შორის 1 ლიტრზე 0,8-1 ლარს შეადგენს, რაც მიუღებელია. ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა პრემიერის დავალებით უკვე გამართეს შეხვედრები მსხვილ იმპორტიორებთან.

„გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც მათ აქვთ დაწესებული, არ იყო გონივრული და მათგან მივიღეთ პირობა, რომ ფასები კლებას დაიწყებს. რეალურად უკვე დაწყებულია ფასების კლება, 2,40-ზეა უკვე ჩამოსული, თუ არ ვცდები. შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად დააკლებენ საწვავის ფასს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სხდომაზე.

მისი თქმით, იმპორტიორებმა მაღალი მარჟა მარაგების მართვით ახსნეს.
„მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავითვალისწინებთ მათ არგუმენტებს, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ რაციონალური და გონივრული მარჟებით არ გაგრძელდება მუშაობა, აქაც გვაქვს გარკვეული ბერკეტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ახალი წესების დანერგვასთან ერთად სურსათი გაიაფდება და ინფლაცია კლებას დაიწყებს >>
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ სურდა ამ საკითხის წამოწევა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ამის გაკეთება. იმპორტიორების მიერ შემოტანილი ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
პრემიერის სიტყვებით, თუ იმპორტიორები დანაპირებს არ შეასრულებენ, მთავრობა შეძლებს ზომების მიღებას და ფასების ზედა ზღვრის განსაზღვრას, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში გააკეთეს. ენერგოკრიზისი – ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში.

„ჩვენ ამის გაკეთება არ გვინდა... იმედია, ძალიან მალე ფასების შემცირება საწვავზე აქტიურად გაგრძელდება თვის ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ექსპორტიორებთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა და შეხვედრა ოპტიმისტური განწყობით დასრულდა.

მისი თქმით, ფასების შემცირება დადებითად აისახება მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე და საგრძნობლად შეამცირებს ინფლაციას.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან სურსათსა და სასმელებზე ფასები 15%-ით გაიზარდა 2022 წლის იანვართან შედარებით და 1,4%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0