მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი „ჯარის ბანაკი" ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს შენობა
თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2023
გამოწერა
„ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ახალი პროექტი „ჯარის ბანაკი" IX-XI კლასების მოსწავლეებისთვის მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა. მოსწავლეებს ასწავლიან პირველადი დახმარების გაწევას, ისეთი საგნების შესწავლას, როგორიცაა ტოპოგრაფია და ნავიგაცია და მრავალი სხვა.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელსაც თავდაცვის უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს.
„ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა.
თავდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და თამარ მახარაშვილმა ბანაკისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურა პირადად მოინახულეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს.
საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ პროექტის აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს.
სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.
ყველა ახალი ამბავი
0