თბილისში ავტობუსის ახალი ხაზები გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerავტობუსის ხაზი
ავტობუსის ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
მერიაში ამბობენ, რომ ავტობუსის ხაზები ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის მერია 18 მარტიდან რამდენიმე პრობლემურ სატრანსპორტო კვანძზე დაიწყებს მუშაობას, რისი წყალობითაც დედაქალაქში ავტობუსის ახალი ხაზები გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
დაგეგმილია ავტობუსის ხაზების მოწყობა ქეთევან დედოფალის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე.

„ეს ყველაფერი კეთდება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, სწრაფი და მოქალაქეებს არ უწევდეთ გაჩერებებზე ლოდინი გარკვეული დროის განმავლობაში იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი „საცობში“ ფერხდება", – განაცხადა კალაძემ.

ეს დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა, თუმცა „საცობები“ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება – სატრანსპორტო დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს", – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის ქუჩების ახალი დიზაინი წარმოადგინა>>
სატრანსპორტო კვანძებზე პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, აღნიშნა მერმა.
18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე: ქეთევან დედოფალის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის კვეთა; მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა; მეტროს სადგურ „სამგორის" მიმდებარე ტერიტორია; ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა.
ამჟამად ავტობუსის ხაზები ამოქმედებულია თბილისის რამდენიმე რაიონში, მათ შორის, ვაკეში, გლდანში, საბურთალოზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0