„არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეს" - კალაძემ ტაქსის მძღოლებს მიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთეთრი ტაქსი
თეთრი ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
ტაქსის А კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ მისი გაყიდვა ან გაქირავება.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, 20 მარტამდე აიღონ А კატეგორიის ლიცენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 1 აპრილიდან უვადო ნებართვას ვეღარ მიიღებენ.
თბილისის მერია 2023 წლის 20 მარტიდან 1 აპრილამდე ძველი სისტემით А კატეგორიის ლიცენზიის გაცემას შეწყვეტს, ხოლო 1 აპრილიდან მხოლოდ ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.
„ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება... მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა – 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა", – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლის ლიცენზია უბრალოდ ქაღალდი კი არაა, აქტივია>>
„მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებთ აიღოთ უვადო ნებართვები", – განაცხადა კალაძემ.
ტაქსის რეფორმა
უფრო ადრე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ А კატეგორიის ლიცენზია ტაქსიზე მუდმივი გახდება, ანუ ის მოქალაქის საკუთრება იქნება. მერია ლიცენზიებს აღარ გასცემს. ის შექმნის პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ტაქსის ლიცენზიის მფლობელი შეძლებს მის გაყიდვას ან გაქირავებას.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
2023 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, თბილისში გაცემულია А კატეგორიის 19.348 ნებართვა და В კატეგორიის 7.798 ნებართვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0