როგორ ჩანაცვლდება ისტორიულ უბნებში ავარიული შენობები: მერიამ ორი ახალი პროგრამა შეიმუშავა

© photo: Sputnik / Stringerავარიული შენობა
ავარიული შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2023
გამოწერა
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის მერიამ და საკრებულომ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შეიმუშავეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერის განმარტებით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის" ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ ჩანაცვლდება.
„ძველ თბილისში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, არსებულ პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. მერიამ დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად იმუშავა და შემუშავდა ორი პროგრამა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ისტორიულ უბნებში", – განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, პირველი პროგრამის თანახმად, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
საცხოვრებლად საშიში: ავარიული სახლები თბილისში - ფოტო>>
„მუნიციპალიტეტი ბიზნეს-სექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ უნდა მდებარეობდეს, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. ბიზნეს-სუბიექტისთვის ასევე შესაძლებელი იქნება, შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს", – განმარტა დედაქალაქის მერმა.
მეორე პროგრამის ფარგლებში კი ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.
კალაძის ინფორმაციით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება.
„მხოლოდ მათი თანხმობით“ - კალაძე ავარიული კორპუსების მცხოვრებთა განსახლებაზე>>
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მერიის ცნობით, ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი, მესაკუთრეებს კი თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0