„მხოლოდ მათი თანხმობით“ - კალაძე ავარიული კორპუსების მცხოვრებთა განსახლებაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავარიული კორპუსი
ავარიული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ავარიული კორპუსების მცხოვრებლების მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენებულ ახალ სახლებში შესახლება მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში მოხდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ბოლო დღეებში არაკომპეტენტური პირები, მათ შორის პოლიტიკოსები, ავრცელებენ არასწორ და ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მერია ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს სხვა ტერიტორიაზე აშენებულ კორპუსებში მათი თანხმობის გარეშე გადაიყვანს.
„ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი პროექტები და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ავარიული სახლების დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე. ჩვენ გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეიძლება მათზე ახალი საცხოვრებელი ავაშენოთ და მოსახლეობას შევთავაზოთ?!“ – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს>>>
მერის თქმით, საუბარია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის წესში ცვლილების თაობაზე, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლის ჩანაცვლება განახორციელოს არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლი დგას, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.
აქამდე არსებობდა გარკვეული წესი: მერია მოლაპარაკებას აწარმოებდა ავარიული კორპუსის მცხოვრებლებთან, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი მერიის მიერ ნაქირავებ ბინებში გადაჰყავდათ.
„პარალელურად იწყებოდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის რეალიზაცია. კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენ ადგილობრივებს ახლადაშენებულ კორპუსებში ვაბრუნებთ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ახლა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში გადასვლას შესთავაზებენ, იმ პირობით, რომ მათი ძველი სახლი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა.
როგორც კალაძემ განმარტა, მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობა არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა კორპუსში შესახლებისთვის აუცილებელია ოჯახების თანხმობა.
რამდენს დახარჯავს 2023 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქზე - მთავარი პრიორიტეტები>>>
„იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები თანახმა არ იქნებიან, ჩვენ ამ ბინებს სხვა ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს შევთავაზებთ. აღნიშნული ცვლილების მიზანია რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
ყველა ახალი ამბავი
0