საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
საქართველო მიიღებს ახალ სამრეწველო კომპლექსს, სადაც ნავთობპროდუქტები თანამედროვე პირობებში გადამუშავდება, განაცხადა ვიცეპრემიერმა
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში არანაკლებ 30 მილიონი დოლარი ჩაიდება, რის შემდეგაც ტერიტორია სამრეწველო თვალსაზრისით განვითარდება, განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო საქმიანობას ყულევის ტერიტორიაზე განახორციელებს ახალი ინვესტორი, რომელიც, როგორც მთავრობა ელის, წელსვე შეუდგება საქმეს.
„ეს იქნება რამდენიმეფაზიანი პროექტი, რომელსაც განვითარების სხვადასხვა ეტაპი ექნება და, საბოლოოდ, ჩვენ ძალიან მაღალი დონის და კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მიიღებს ახალ სამრეწველო კომპლექსს, სადაც ნავთობპროდუქტები თანამედროვე პირობებში გადამუშავდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპლექსურად განვითარებულიყო ისეთი წარმოება, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში მიიღებდა მნიშვნელოვან მონაწილეობას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
სამუშაოებს ჩაიბარებს „ბლექ სი პეტროლეუმი“, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
„ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკებებს და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება ახალ კომპანიაზე, რომელიც მზად არის, განახლებული პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება „ - აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ყულევის ტერიტორია სახელმწიფომ გამოყო კომპანია „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასთვის“, რომელიც მოგვიანებით სხვა კომპანიამ ჩაანაცვლა, თუმცა პირობები, რომლებიც მთავრობას ინვესტორებს დაუსახა, ვერ შესრულდა.
ყულევში ფუნქციონირებს ნავთობის ტერმინალი, რომელიც „სოკარს“ ეკუთვნის. 2008 წლიდან მოქმედი ტერმინალის სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონ ტონას შეადგენს (3 მლნ ტონა ნავთობი, 3 მლნ ტონა დიზელის საწვავი, 4 მლნ ტონა მაზუთი).
ყველა ახალი ამბავი
0