ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაპარტიელის სასამართლო პროცესი გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და მისი თანაპარტიელის საქმის განხილვის გადადების მიზეზი დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ნიკა მოსიაშვილის საქმის განხილვა გადაიდო.
ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა 7 მარტს პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯაფარიძესთან ერთად პოლიციამ მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც დააკავა.
სხდომის გადადების გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, რადგან კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა უკვე ამოიწურა.
საქმის განხილვის გადადების მიზეზი დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ზურაბ ჯაფარიძის შესახებ დაკავების დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებისას ის პოლიციელებმა სცემეს.

„სასწრაფო იყო მოსული და დაადგინეს, რომ ვექვემდებარებით საავადმყოფოში გადაყვანას გამოკვლევებისთვის, რადგან შესაძლოა მიღებული გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები“, – განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

პროცესის გადადება ნიკა მოსიაშვილის ადვოკატმა მოითხოვა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს მაღალი წნევა ჰქონდა.
მოსამართლემ თავდაპირველად ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რამაც პროცესზე მისული ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია და რაც შემდეგ სხდომათა დარბაზის გარეთ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოგვიანებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
საქმეზე სხდომა ხვალ, 10 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.
ეს კარგი ნიშანია – ბორელი საქართველოს პარლმენტის სკანდალური კანონპროექტის გამოწვევაზე >>
უცხოური აგენტების შესახებ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე 7 მარტს პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
8 მარტს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 7-8 მარტს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ 133 პირი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0