ვინ „აუნთო მწვანე შუქი" საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას?

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი რუსთაველზე
სპეცრაზმი რუსთაველზე  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
მედიასაშუალებებში ოპოზიციონერების მონაწილეობით სკანდალური ვიდეოჩანაწერები გავრცელდა.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობის დასაკავებლად და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ემზადებოდნენ, ყოველივე ამაზე მათ „მწვანე შუქი ანთებული“ ჰქონდათ.
ამის შესახებ საუბარია უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა გუშინდელი საპროტესტო აქციიდან ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელშიც ფიგურირებენ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გედი ფოფხაძე. ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

„თუ ადამიანები გამოვიდნენ, ჩვენ მივიღეთ შენობის აღების ლეგიტიმაცია... ვინ გამოვა სიცივეში, თუ შეიყვან (ხალხს - რედ.) შენობაში, ღამეს გაატარებენ. შენობაში შესვლის გარეშე ხალხი არ დარჩება, ვარიანტი არაა... თუ ისინი მწვანე შუქს გვაძლევენ, მოგვცემენ შესაძლებლობას გამოვყოთ გარკვეული ჯგუფი და მივიღოთ პირველი ტალღა, მერე სხვებიც მოჰყვებიან... ეს არის ორი თვის თემა, გადატრიალება ყველა ვარიანტში იქნება“, – ამბობს ფოფხაძე.

მოგვიანებით გავრცელდა მეორე ვიდეოჩანაწერი. ამჯერად ფოფხაძე საუბრობს სერგი კაპანაძესთან, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ჩანაწერში ისმის ფრაზა „მწვანე შუქი აგვინთეს", თუმცა კონკრეტულად ვისგან, პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს.
„წინ იყო შეუსრულებლობის სერიოზული პრობლემა, ანუ სტატუსის (ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის - რედ.) მიღების. მათ ხალხის ეშინოდათ და თავიდანვე ჩაფლავდნენ. მე ვთვლი, რომ ეს თავისებური ლუსტრაციაა, თუ შეძლებ უნდა შეხვიდე", – აცხადებს კაპანაძე.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„ქართულმა ოცნებამ" უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები გაიწვია>>>
დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამოქალაქო პროტესტის ფონზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
სკანდალური ინიციატივა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0