„ქართულმა ოცნებამ" უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის პირობა დადო

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნება"
„ქართული ოცნება  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სამოქალაქო პროტესტის ფონზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ნათქვამია მმართველი პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და კანონპროექტის ინიციატორის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა“.

„კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს... როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი", – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხდებაში ასევე აღნიშნულია, რომ რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩათრევა. მმართველმა პარტიამ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, „რომლებმაც დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ღირსეულად უპასუხეს“.
თბილისი დაძაბული ღამის შემდეგ: რა ხდება რუსთაველის გამზირზე>>>
„ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს", – ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ემოციური ფონი ჩაცხრება, მმართველი პარტიის წევრები აპირებენ საზოგადოებას უკეთ აუხსნან, რას ემსახურება ეს კანონპროექტი და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამისათვის ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს და „საკითხის ყველა დეტალზე სიმართლეს ეტყვის“.

„საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და გააგრძელებს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორი დღის მანძილზე თბილისის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.
დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
პოლიციამ ორდღიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავა 133 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე ათეული პოლიციელი.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.

პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0