რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „ქალთა მოძრაობის“ მარში იმართება

© photo: Sputnik / Stringer„ქალთა მოძრაობის“ მარში
„ქალთა მოძრაობის“ მარში - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
მსგავსი აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იმართება.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „ქალთა მოძრაობის“ მარში იმართება.
რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ „ქალთა მოძრაობის“ წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აპროტესტებენ. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება დააზიანებს და შეზღუდავს ქალთა უფლებებს, რადგან მომავალში მიზნად ისახავს ქვეყნიდან დასავლური ორგანიზაციების გასვლას.

„ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა ევროპული ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ მარშზე“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან „ქალთა მოძრაობის“ წევრები წაიკითხავენ მანიფესტს, სადაც, მათი განცხადებით, გაწერილი იქნება ის ზიანი, რომელსაც მიაყენებს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება საქართველოში ქალთა უფლებებს.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>
შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
მმართველმა პარტიამ 7 მარტს მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
კობახიძემ ოპოზიციას მოსახლეობის მოტყუებაში დასდო ბრალი>>
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0