პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია. 08.03.2023
საპროტესტო აქცია. 08.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე კიდევ 10 პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
დღეს ათივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციელებმა შენიშნეს, რომ მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები.
„დადგინდა, რომ ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ჯამში 76 პირია დაკავებული. გარდა ამისა, ერთი პირია დაკავებული პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით.
უწყების ცნობით, შსს განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0