შსს: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი პარლამენტის წინ. 07.03.2023
სპეცრაზმი პარლამენტის წინ. 07.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
შსს აფრთხილებს მომიტინგეებს, რომ აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება.
თბილისი, 7 მარტი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
უწყების თქმით, პოლიცია მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის წინ და უზრუნველყო საპროტესტო აქციის მშვიდობიანად წარმართვა.
საღამოს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის საგნების სროლას, აღნიშნეს უწყებაში.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა, განაცხადეს სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც პოლიციამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, ამტკიცებენ შსს-ში.
შსს უკვე მესამედ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვითარება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებისთვის ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებთან არიან კონცენტრირებული. ცრემლსადენი გაზისა და სპრეის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას ადგილზე მობილიზებული „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები უწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მანამდე შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აქციის მსვლელობისას აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები.

პროტესტის მიზეზი

პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა >>
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0