სახალხო დამცველის არჩევა: ვისზე შეაჩერა არჩევანი მმართველმა პარტიამ

© courtesy of Georgian Dream
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
იოსელიანის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
28 თებერვალს ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.
„შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ არგუმენტების მიუხედავად, რომლებიც იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი.
„ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ ორი არგუმენტი წარმოდგენილი... რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ეს შენიშვნა გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი, შესაბამისად, შემდგომში სახალხო დამცველი“, - განაცხადა დეპუტატმა.
ასევე, როგორც მდინარაძემ განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა გაიხსენეს წარსულში იოსელიანის რამდენიმე განცხადება, რომელიც, მისი აზრითაც, არ იყო რელევანტური, თუმცა დეპუტატმა ეს იმით ახსნა, რომ ოპოზიციონერს აქვს და ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი - საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება >>
„ვფიქრობთ, მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მიუხედავად ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იოსელიანის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, კითხვები არავის ჰქონია.
„მთავარი ფაქტორი, გარდა მისი პიროვნული დახასიათებისა, იყო ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც შეეხება სახალხო დამცველის არჩევას. საპარლამენტო უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს ლევან იოსელიანს“, – განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იოსელიანს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც აქვს.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.
მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0