საქართველოს პრემიერი ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარდგა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო გამოფენა ITB Berlin-ს მასპინძელი ქვეყანაა
საქართველო  გამოფენა ITB Berlin-ს მასპინძელი ქვეყანაა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველო ათასწლეულების განმავლობაში იყო მრავალი ცივილიზაციის ცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და დავის საგანი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოფენა ITB Berlin-ის გახსნის ცერემონიაზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის სტატუსით სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, 6-9 მარტს იმართება. საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

„აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. ქვეყანა ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში და ამავე დროს სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტურული, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო თავისი ბუნებითაც გამოირჩევა. ძნელია იპოვოთ ტერიტორია იგივე ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და მდიდარი კულტურით.
ამ პატარა ტერიტორიაზე არის დედამიწაზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა, დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.
„ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი", – განაცხადა პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ბერლინში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გამართა >>
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც იყო წარმოდგენილი ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ.
საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნენ.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაცია გამართა.
გამოფენის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები, წარმოდგენილია აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0