კულტურის მინისტრმა გელათის მონასტრის რესტავრაციის ახალი დეტალები გაამხილა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
გამოწერა
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის საგანი.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. გელათის მონასტრის სახურავის რესტავრაცია 2008 წელს არქიტექტორ-რესტავრატორმა კი არა, თეატრმცოდნე კახა ტრაპაიძემ დააპროექტა, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2018 წლიდან გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ტაძრის უნიკალური ფრესკები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ფაქტები ვარკვიე და მე გეტყვით იმას, რაც ცნობილი არ იყო. ამ სახურავს არ აქვს არანაირი წყლის სისტემა, რომელიც ნალექს ძეგლისგან დაიცავს", – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, გელათის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება 2008 წელს მაშინდელმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო. მეცნიერმა გიორგი გაგოშიძემ თეატრმცოდნე ტრაპაიძეს შესთავაზა აღედგინათ მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელი ტრადიცია და ტაძრის გადახურვა კრამიტით შეესრულებინათ, რაც გაკეთდა კიდეც.
გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები>>>
„2021 წელს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გამომიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ ეს კრამიტი არც ყინვას უძლებს და არც წყალმედეგია", – განაცხადა წულუკიანმა.
მას შემდეგ, რაც დასკვნა დაიდო, ამ საქმესთან დაკავშირებული ადამიანები შეეცადნენ დანაშაული სხვისთვის გადაებრალებინათ, განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩემზე ხელის შეხოცვა ძნელია, რადგან ფაქტები არის ჯიუტი".
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთხელ გააკრიტიკეს მინისტრი წულუკიანი.
გელათის ირგვლივ განვითარებული მოვლენები
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ პრობლემები 2015-2019 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავმა გაჟონვა დაიწყო. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ: საპატრიარქო და ექსპერტები კულტურის უწყების წინააღმდეგ>>>
სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
როგორც ადრე კულტურის მინისტრმა განაცხადა, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო უხელმძღვანელებს და სამინისტრო ყველა ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა სარესტავრაციო სამუშაოებში, საქართველოს საპატრიარქოს გადასცემს.
იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა.
2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო უხელმძღვანელებს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0