გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათის დროებითი გადახურვა
გელათის დროებითი გადახურვა - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა, სადაც იუნესკოს მისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. იუნესკოს მისიამ გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) და კულტურულ ფასეულობათა შენახვა-რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) მრჩეველთა ერთობლივი მისია საქართველოში 2022 წლის ნოემბრის ბოლოს იმყოფებოდა და მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები შეაფასა. მისიის შეფასებამდე სამუშაოები შეჩერებული იყო.
რეკომენდაციების თანახმად, შეჩერებული სამუშაოები უნდა განახლდეს კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, მაგრამ ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული მისიის სპეციალისტების რეკომენდაციები.
სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ: საპატრიარქო და ექსპერტები კულტურის უწყების წინააღმდეგ >>
კერძოდ, საჭიროა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
გარდა ამისა, ექსპერტებმა გასცეს რამდენიმე რეკომენდაცია სამუშაოებთან დაკავშირებით, მათ შორის დაზიანებული ფრესკების და კედლების აღდგენის თაობაზე.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, რეკომენდაციები იტალიელი ექსპერტების მისიის რჩევებს ადასტურებს.

„იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. უფრო მეტიც, იუნესკო ურჩევს სახელმწიფოს, რომ იგივე განხორციელდეს სახურავის სხვა ადგილებშიც“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გარდა ამისა, იუნესკოს ექსპერტების აზრით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქოლგისებრი დროებითი გადახურვის დაპროექტება, რომელიც კედლების გაშრობამდე შენარჩუნდება.
გელათის რესტავრაცია
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველოს ხელისუფლებამ ტაძრის გადახურვის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოვლინდა, როდესაც შემოწმებით დადგინდა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებსაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0